POLISH
VLADIMIR VYSOTSKY'S
MUSEUM IN KOSZALIN
პოლონეთში ვისოცკისადმი მიძღვნილ ფესტივალში საქართველოს წარმომადგენელიც მონაწილეობდა

პოლონეთში, ქალაქ კოშალინში, ვლადიმერ ვისოცკისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც, წელს პირველად, საქართველოს წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

ფესტივალს საქართველოდან ვისოცკის პროზაული ნაწარმოებების მთარგმნელი, მწერალი ირმა მალაციძე დაესწრო. მალაციძის მიერ ნათარგმნი წიგნი გამომცემლობა "სიესტამ~ 2009 წელს გამოსცა. მასში შესულია ვისოცკის ცხრა მოთხრობა, მათ შორის, კინომოთხრობა "ვენური არდადეგები~. სწორედ ასე ეწოდება კრებულსაც.

ფესტივალის სტუმრებს შორის იყვნენ ამერიკის, ერაყის, ისრაელის, ლატვიის, რუსეთის, ნორვეგიის, ფინეთისა და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა დოკუმენტური ფილმების ჩვენება, მუსიკალური ჯგუფების კონცერტები, აგრეთვე, მოეწყო მხატვრული ფილმის - "მადლობა, რომ ცოცხალი ხარ~ - ჩვენება, რომელიც ვლადიმერ ვისოცკის ცხოვრების ერთ ეპიზოდს ეხება.

როგორც ირმა მალაციძემ "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა, ვლადიმერ ვისოცკის მუზეუმი პოეტის თაყვანისმცემელმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, მარლენა ზიმნამ გახსნა საკუთარ ბინაში. როგორც თავად აღნიშნავს, ვლადიმერ ვისოცკის ლექსები პირველად 22 წლის წინ წაიკითხა ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში და იმ დღიდან მისი შემოქმედების მოტრფიალედ იქცა.

"დღეს გატაცება უკვე მის მთავარ საქმიანობადაა ქცეული. უკვე ათი წელია, რაც ყოველწლიურად, ვისოცკის დაბადების დღეზე, კოშალინში ფესტივალს ატარებს, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობენ _ სრულიად განსხვავებული პროფესიის და ასაკის ადამიანები, რომელთაც ვისოცკის შემოქმდება აერთიანებთ. მათ შორის არიან მუსიკოსები, ლიტერატორები, მკვლევრები, უბრალოდ მოყვარულები, რომლებიც კარგად იცნობენ ვისოცკის შემოქმედებას", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში მალაციძემ.

მისი განცხადებით, ზიმნას მუზეუმში პოეტის შემოქმედებასთან დაკავშირებული 15 000 ექსპონატი ინახება: წიგნები, აუდიოვიდეოჩანაწერები, საგაზეთო პუბლიკაციები, სუვენირები, ფოტოები. ის მთელ მსოფლიოში დაეძებს ადამიანებს, რომელთაც შეიძლება ჰქონდეთ ჯერ კიდევ უცნობი ფოტო, ან თარგმნიდნენ ვისოცკის ნაწარმობებს სხვადასხვა ენაზე.

თბილისიდან კოშალინამდე
(სპეც. რეპორტაჟი პოლონეთიდან ჟურნალ „ფოკუსისთვის“) აკაკი გაჩეჩილაძე

მოულოდნელი e-mail

„მოგესალმებით, ძვირფასო აკაკი. მე მარლენა ზიმნა ვარ, პოლონეთის ქალაქ კოშალინის ვლადიმერ ვისოცკის მუზეუმის დირექტორი. მიხარია, რომ ირმა მალაციძის დახმარებით, ბოლოს და ბოლოს, გიპოვეთ.“

ჩემს მისამართზე მოსულმა ინგლისურმა წერილმა ძალიან გამაკვირვა.

„ვისოცკის დაბადების დღისთვის კოშალინში რიგით მე-11 დოკუმენტური ფილმების ფესტივალს ვატარებთ. დიდი სურვილი გვაქვს, მიიღოთ მონაწილეობა და ფესტივალის ფარგლებში დაგეგმოთ თქვენი წიგნის, „ვლადიმერ ვისოცკის 101 შედევრის“ პრეზენტაცია“.

გამეღიმა და დავეჭვდი, მაგრამ წერილი რეალური იყო.

მოსკოვში არსებულ ვისოცკის მუზეუმს ადრე მიბარებული და წერილში ნახსენები საკუთარი წიგნი გამახსენდა, დავიწყებული, როგორც დროზე გადახდილი ვალი. სასწრაფოდ მოვიმარჯვე ჩემი ბევრისმნახველი გიტარა და ვისოცკის რეპერტუარიდან რამდენიმე სიმღერა დავამღერე. პასუხად ცოლ-შვილისგან მხურვალე აპლოდისმენტები და ჩაი ლიმნით მივიღე. შემდეგ, მარლენას ვუპასუხე. მერე ისევ მან მიპასუხა, მერე - მე და ეს ეპისტოლარული ურთიერთობა გასული წლის გაზაფხულიდან ამ იანვრამდე, თითქმის კოშალინის ბაქნამდე, ვიდრე მარლენამ არ მითხრა - ნუ, ზდრასტვუი, აქაქიო - გაგრძელდა.

მანამდე კი, ჩემი ზესტაფონელი მეგობრების წყალობით, ხელახლა გადავატირაჟე წიგნი, ქართულად მოვამზადე კოშალინში შესასრულებელი ვისოცკის სიმღერები, მივიღე მოსაწვევი, ვიზა, 15-მდე ნახატი დავხატე და ფესტივალზეც ბევრი ვიფიქრე. მარლენამ თხოვნა დამაწია - ფესტივალის სტუმრები ვარშავაში შემეკრიბა და კოშალინამდე მატარებლით უვნებელ-ფხიზლები ჩამომეყვანა. მოკლედ, ჩანთა წიგნებით გავავსე, გადავიკიდე გიტარა, ჩავკოცნე მძინარე შვილები და ღამის ტაქსით თბილისის აეროპორტისკენ გავწიე, სადაც კურცხალიც გადმოვაგდე - მშვიდობით, ჩემო სამშობლო, უნდა გასახელო-თქო და რეგისტრაციის რიგში ამაყად ჩავდექი.

ვარშავის აეროპორტში

და აი, დილის ექვს საათზე მივაბიჯებ ვარშავის ფედერიკ შოპენის სახელობის აეროპორტში. ჩემი ევროპული გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცი, რომ მომღიმარი მესაზღვრე უნდა შემეგებოს. მისმა თბილისელმა კოლეგამ ხომ კეთილი მგზავრობა მისურვა, მაგრამ ქერათმიანმა ბრგე ორგანიზმმა როგორც კი პასპორტი გამომართვა, თევზის თვალებით შემომხედა და უკანა გზის ბილეთი მომთხოვა. ინგლისურ-გერმანულ-რუსულად ვუპასუხე, რომ პოლონეთიდან გერმანიაში მივემგზავრები და უკვე გერმანიიდან თბილისში-თქო. ჯანდაბასო, ალბათ იფიქრა და პასპორტში ბეჭედი მძლავრად ჩაარტყა.

მოსაცდელ დარბაზში, მოლაპარაკების თანახმად, ვარშაველი მოხუცი ცოლ-ქმარი ვისოცკის პორტრეტით უნდა დამხვედროდნენ და კოშალინამდე მთელი ჯგუფისთვის მატარებლის ბილეთებს გადმოეცა. პირველი სტუმრის ჩამოფრენამდე ექვსსაათნახევარი დარჩენილიყო. აეროპორტში როზეტი მოვძებნე, წიგნებით სავსე ჩანთა მივაგორე, ზედ მობილური დავდე, დამტენი მივუერთე და მოსაწევად გავედი. დარბაზში დაბრუნებულმა საოცარი სურათი დავინახე - პოლიციელებს და აეროპორტის თანამშრომლებს ჩემი ჩანთის გარშემო დისტანციური წრე შემოერტყათ და რაციით ვიღაცეებს უკავშირდებოდნენ. მივხვდი, დენში შეერთებული ჩანთა ბომბი ეგონათ და შორიდანვე გერმანულად დავიყვირე - ჰეი, ჰეი დას ისტ მაინე თაშე-თქო. წრე დაფრთხა. გიტარა მომხსნეს, ჩანთა გაჩხრიკეს, წიგნები იპოვეს და თითის ქნევით დამშორდნენ, რის მერეც ჩანთასთან საპატიო ყარაული მოვაწყე.

როგორც იქნა, დარბაზში ხელკავგამოდებული, მომღიმარე ვისოცკის უზარმაზარპორტრეტიანი ორი ხანდაზმულიც გამოჩნდა. მხურვალედ მივესალმეთ ერთმანეთს, ვისაუბრეთ პოლიტიკაზე, აწ გარდაცვლილ და ჯერ ჯანზე მყოფ პრეზიდენტების მეგობრობაზე...

შემდეგ, ისევ მარტო დავრჩი, მშიერ-მწყურვალი. პირველი სტუმარი ვერ ჩამოფრინდა, მიუნხენში, ქარბუქის გამო, მისი რეისი გადიდო.

ვდგავარ ტერორისტის ჩანთით, მხარზე - გიტარით, ხელში კარტრეჯმომსპარ პრინტერზე ამობეჭდილი ფურცლებით, სადაც საცნობრად გვარ-სახელები მიწერია და აი, პირველი მერცხალიც მომიახლოვდა, იალტელი ალექსანდრე ბაბენკო, ჩემნაირი, ოღონდ ულვაშევბიანი მელოტი. სიხარულით შევეგებე. გულიანად იცინა ჩემს „ტერორისტულ“ ისტორიაზე, თვალებში კი ძმაკაცობის სურვილის ნაპერწკალმა გაუელვა...

ბაბენკოს სხვა მერცხლებიც მოჰყვნენ - გულალა ნური ერაყიდან (მთარგმნელი), იგორ ჟელინეკი ჩეხეთიდან (მუსიკოსი და ლექტორი), დემეტრიუს ტრიანტაფილიდისი ათენიდან (მთარგმნელი), ელენა სტანისავიჯევიჩი (მუსიკოსი) და მილივოიე ბაკოვიჩი სერბეთიდან (მთარგმნელი), ჰუსეინ ელ-ჰასონი იორდანიიდან (ექიმი, ამანში კერძო კლინიკის მფლობელი) და ანნე ლე როი პარიზიდან (პოეტი).

საღამოს ცხრაზე მთელი ჯგუფი ავტობუსის გაჩერებისკენ დავიძარით. იანვარია. თოვს. ჩემს ბარგს ანნა ლე როის უზარმაზარი, ბორბლებიანი ჩანთაც დაემატა (ოჰ, ეს ფრანგი ქალები!). ავტობუსის ღია კარებში პირველი ჰუსეინი ავარდა... მაგრამ თვალში ვიღაც მაკლდა და უცბად, აეროპორტიდან ახლაღა გამოსული გულალა ნური დავინახე. ქათქათა ქურქისმაგვარში გამოწყობილი ერაყელი მანდილოსნის ბარგს ნამდვილად აქლემი ჭირდებოდა! ნელა მოსრიალებდა ყინულზე, მე კი ავტობუსის კარები თბილისურად მეჭირა, ვიდრე მძღოლი მეძალავებოდა. როგორც იქნა, გულალამაც მოაღწია, ბატკნის თვალებით შემომხედა და „სენქიუო“, მშვიდად მითხრა. მძღოლმა კი ისე გაბრაზებით დაძრა ავტობუსი, რომ მისი მისაბმელიდან უკანმოტოვებული აეროპორტის შენობა წაღმა დავინახეთ...

მატარებლის სადგურში რუსეთიდან და ისრაელიდან ფესტივალის სხვა მონაწილეებიც შემოგვიერთდნენ. ჩავიბარგეთ და ბალტიისპირა ქალაქ კოშალინისკენ გავწიეთ.

გზადაგა ჩემს თანაკუპელებს ვუამბე, რომ კოშალინი ფესტივალების ქალაქია. სწორედ აქ ეწყობა ევროპის კინოს საერთაშორისო, ასევე, საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალები, რომ ის სამი - გერმანული, პოლონური და სკანდინავიური კულტურის გზაჯვარედინია. დილას, გაყინული პოლონურ ტრამალების მერე, კოშალინის ბაქანი და მარლენა გამოჩნდა თქვენთვის უკვე ცნობილი შეძახილით „ნუ, ზდრასტვუი, აქაქი“.

ჩვენ ჩამოვედით.

პირველი დღე

დაბინავების მერე კაფეს მივაშურეთ. პირველმა ლუკმამ ჩემს გონებაში კრეატიული იდეა დაბადა. განვაცხადეთ, რომ აუცილებელი იყო მოგვეძებნა პროდუქტების მაღაზია, გვეყიდა ძეხვეული, სასმელი და ჩემთან ნომერში შევკრებილიყავით.

ჰუსეინმა აღფრთოვანება ვერ დამალა: უხ, ჯორჯიაო, აღმოხდა, რა კარგია, რომ ქართველებს ოჯახურ გარემოში სადილი გიყვართო. ჰუსეინს ბევრი შეუერთდა და, მოკლედ, ჩემს ნომერში ინტერნაციონალიზმის სურნელი დატრიალდა. კარგად გავიცანით ერთმანეთი. დიმიტრიუსი ძალზე მშრომელი მთარგმნელი აღმოჩნდა - მას 50 თარგმანი ჰქონია გამოცემული, მათ შორის გალაქტიონის რამდენიმე ლექსი. თან ათენის მუნიციპალური რადიოს მთავარი რედაქტორი გახლდათ. ჰუსეინი პროფესორი და ბრწყინვალე გინეკოლოგი იყო. იგორ ჯელინეკი, რომელსაც ოქროსფერი თმის გამო „ზალოტოი“ შევარქვი, ბრწყინვალე სიმღერების ავტორი ბრძანდებოდა. თან ახლდა მეგობარი სტასი, რომელიც აკორდიონით, გიტარით და მანდალინათი შემოგვიერთდა. ყველა მიხვდა, რომ ჯერ პირველი დღე იყო და წინ დაუვიწყარი დრო გველოდა.

მეორე დღე

საინტერესოა, რომ ფესტივალი იმ ნაგებობაში ტარდებოდა, სადაც ბნელ შუასაუკუნეებში ჯალათი ცხოვრობდა. უბრალოდ, ასეთი სამსახური ჰქონდა. სავარაუდოდ, მისი კუნძიდან კარგი თავებიც ცვიოდა, მაგრამ ამას ფესტივალთან კავშირი არ ჰქონდა.

დარბაზში შესვლისთანავე თეთრულვაშა პოლონელმა ხვევნა-კოცნა ამიტეხა. მეც ქართულად მოვეხვიე, სხვა რა გზა მქონდა. თურმე, ღმადმოხუცებული დედა თბილისელი ჰყოლია და ჩემთან მოკითხვა დაუბარებია. გული ამიჩუყდა...

ვისოცკიზე 300-ზე მეტი დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ფესტივალზე ნაჩვენები ფილმების მიმართ ინტერესი მართლაც დიდი იყო. არანაკლებ საინტერესო ამბები ტრიალებდა „კულისებში“, სამზარეულოშიც, სადაც ებრაელი ალექსი სიტყვით გამოდიოდა. მის ზურგს უკან მოვექეცი, ვერ შემამჩნია და განაგრძო: „გუშინ აკაკი რომ სადღეგრძელოს ამბობდა, ამაში საკვირველი არაფერია, ის ქართველიაო, მაგრამ მას ჩემი ჩამოტანილი ებრაული სასმისი ეკავაო და რომ დაამთავრა, გულალამ უთხრა „ამინო“. ჰოდა, მეგობრობის იყოს ეს სადღეგრძელოო, ამინ, მეც ვუპასუხე ზურგიდან. ატყდა ხარხარი, სასწრაფოდ პოლონური კერძი ბიგუსი დამიდეს ქაღალდის თეფშზე და კვლავ გაგძელდა წუხანდელი ამბები.

იმ დღეს კიდევ ერთი სურპრიზი მელოდა: პროგრამით დაგეგმილი იყო ავტორებთან შეხვედრა. მარლენამ მომაწოდა მიკროფონი, წარვადგინე საკუთარი წიგნი, გამოვაცხდე, რომ კონცერტზე ვისოცკის ორ სიმღერას ქართულ ენაზე შევასრულებდი.

რამოდენიმე ფილმის შემდეგ, დერეფანში უცნობმა, სიმპათიურმა კაცმა გამაჩერა. ქართულად მომმართა. მითხრეს, რომ ქართველია ჩამოსულიო და კონცერტზე უნდა იმღეროსო. კაცს ლერი გერსამია ერქვა. კვლავ ატყდა დიდი ხვევნა-კოცნა. სამზარეულოდან ღვინო გამოვიტანე. ერთმანეთი ვადღეგრძელეთ. ლერი ოთხი წელია საქართველოში არ ყოფილა. პოლონელი ქალი შეურთავს და კოშალინში დაფუძნებულა.

კონცერტზე ვისოცკის სიმღერები ქართულად შევასრულე. მსმენელი ძალიან გულთბილად შემხვდა. თავი დავუკარი და მარლენას გვერდით დავჯექი. მარლენამ შემდეგი მონაწილე გამოაცხადა და დასძინა, თქვენი თხოვნით აკაკი ხვალინდელ კონცერტზეც გამოვაო.. დღის ბოლოს ყველანი ისევ ჩემს ნომერში შევიკრიბეთ და უფრო თამამად შევუდექით ფესტივალის „მეორე განყოფილების“ სისრულეში მოყვანას.

ბოლო დღე

დილით ვისოცკის მუზეუმი დავათვალიერეთ. მისი გიტარით ფოტო გადავიღე. მუზეუმში ბევრი ტელეკამერა ტრიალებდა. ამიტომ ადგილი დავუთმეთ და კვლავ ჯალათის სახლს მივაშურეთ, სადაც ერთ-ერთმა რადიოჟურნალისტმა ინტერვიუ მთხოვა. სანამ მიკროფონს გაამზადებდა, ვფიქრობდი, რომ ახლა საგარეო საქმეთა მინისტრიც მე ვიყავი და კულტურისაც. და რაკი ეს ჩავიბეჭდე თავში, დიდხანს ვუმტკიცებდი ჟურნალისტს, რომ ჩვენ ყველანი დიდი ევროპის სახლის ბინადრები ვართ. არ ვიცი, რამდენად დამაჯერებელი ვიყავი, მაგრამ სიამოვნებით კი მისმენდა.

შემდეგ ისევ ფილმების ჩვენება და გამარჯვებულთა დაჯილდოვება გაიმართა. ერთ-ერთი გამარჯვებული ტოლიატის ვისოცკის მუზეუმის დირექტორი იყო. სწორედ მისგან მივიღე გულმხურვალე მიწვევა ზაფხულში. კვლავ კონცერტზე გამოვედი და ბისზე ვიმღერე. არ დაგიმალავთ, სასიამოვნოა აპლოდისმენტები, ჩემთვის უჩვეულოა...

...ანნე ლე როიმ ლექსი მომიძღვნა. გამჭვირვალე ქაღალდზე დამიწერა უკანა გზაზე, მატარებელში. ანნა ლე როი ჩემს თბილისურად ნაცრისფერ ჟაკეტში ხშირად გადიოდა მოსაწევად და ბოლოს ვაჩუქე კიდეც. აეროპორტში ძალიან შეცვლილები დავბრუნდით, დიდი მეგობრები ვიყავით. დავთქვით, ყოველწლიურად შევხვედროდით ერთმანეთს ხან ჩეხეთში, ხან საბერძნეთში, იორდანიაში, ისრაელში, საფრანგეთში, საქართველოში.

ბოლოს, მე და დიმიტრიუსი თორმეტი საათი ვისხედით ვარშავის აეროპორტში. დიდხანს ვიკამათეთ მომავალი მსოფლიოს მოწყობაზე და შევთანხმდით, რომ ის ეპოქა სადაც დავიბადეთ, დასრულდა, ახალი კი ჯერ არ დამდგარა.

ახლა დიუსელდორფში ვარ. ავსტრიელ კურატორთან შეხვედრას ველოდები, რათა ვენაში გამოფენა მოვაწყო...


Developed by VERY Ltd. in 2006-2016