არ სურს დიდება ამო, არც დარდიმანდის რიხით,
არც საზღაურის გამო არ გამოსულა იგი.
არა სჩვევია ფართო ხიდებზე ლაღად სვლა,
მას სულ სხვა რამე ართობს, სხვა მიზანი აქვს, სხვა -
სულს ლაღი სივრცე უნდა, ვერ ეგუება აღვირს
და მიესწრაფვის მუდამ ნერვად დაჭიმულ ბაგირს.
დამზღვევი თოკიც არ ჩანს,
მოდის გაშლილი ხელით,
ოდნავ მარჯვნივ და - მორჩა,
სულს ვერ ჩაიტანს ქვევით!
ოდნავ მარცხნივ და - ახლა მაინც არ მოშლის მისას...
ალბათ, სჭირდება გავლა
ოთხი მეოთხედი გზისა.
მზერა ვერ უძლებს ულევ სხივს, ირგვლივ მიმოფენილს,
თვალს უხშობს, ნაბიჯს ურევს, თან შარავანდად შვენის.
გახელებული გზნებით საყვირი ორად სკდება
და „ბრავო-ბრავოს“ ხმები ლამის მოზვავდეს მთებად.
ნეტავი ამ აგონიას რა დააწყნარებს, რა!..
მეხის გავარდნა ჰგონია ყურს ლიტავრების ხმა!..
დამზღვევი თოკიც არ ჩანს,
მოდის გაშლილი ხელით;
ოდნავ მარჯვნივ და - მორჩა,
სული იქცევა ცისად!
ოდნავ მარცხნივ და - ახლა მაინც არ მოშლის მისას...
უკვე ცოტაღა დარჩა -
სამი მეოთხედი გზისა.
რა საამოა, თანაც რა საზარელი და შორი
სიკვდილთან ასე თვალდათვალ სამწუთიანი ომი!
მოლოდინისგან ყველას აუფჩენია პირი -
სევდანარევი მზერა, შიშით წამხდარი ნირი...
ის კი მიიწევს ნელა, შეუპოვრად და ურჩად,
ამ სიმაღლიდან ყველა ქონდრისკაცებად უჩანს.
დამზღვევი თოკიც არ ჩანს,
მოდის გაშლილი ხელით,
ოდნავ მარჯვნივ და - მორჩა,
სულს ვერ ჩაიტანს ქვევით!
ოდნავ მარცხნივ და - თუმცა, რაღას დაიშლის მისას...
ახლა სულ ცოტა დარჩა -
ორი მეოთხედი გზისა!
სოფლის წარმავალ პატივს ის დასცინოდა მედამ,
მაგრამ ყოველთვის, ყველგან მას პირველობა სურდა.
ეერ შემოახვევ ბადეს სულს, თუ სწყურია მღერა;
აბა, მიდი და სცადე, ქარს დაეწიო ველად!..
ზეცა ზეიმობს მასში, არა - შიში და რიდი!
დოლთა აწყვეტილ მარშში ის ჩვენს ნერვებზე მოდის.
დამზღვევი თოკიც არ ჩანს,
მოდის გაშლილი ხელით,
ოდნავ მარჯვნივ და - მორჩა,
სულს ვერ ჩაიტანს ქვევით!
ოდნავ მარცხნიე და - ახლა აღარ დაიშლის მისას...
იყუჩეთ! დარჩა მხოლოდ
ერთი მეოთხედი გზისა!
გარინდულ სივრცეს ხედნის კივილის ცივი ზარი...
რა მკაცრი არის ბედი, თან რა მარტივი არი!..
თვითდაჯერება? ანდა თავგზა აებნა იქნებ? -
რა ბედენაა!.. ახლა რას აქნევ ასეთ ფიქრებს! -
ნაკრები მისხალ - მისხალ ეს ჰარმონია ფერთა
მწუხარებად და სისხლად ნახერხში ჩაიღვენთა...
დღეს უკვე მოდის სხვა
და მოჰყვება იმავ გზას,
დამზღვევი ისევ არ ჩანს,
რაღას უშველი, რას!..
მარჯვნივ ან მარცხნივ დახრა და სულს ვერ ჩაიტანს ძირს!
იგივე სულის მახრა და იგივე სენი სჭირს... -
არც იგი ელტვის დიდებას, არცა წყალობას ცისას,
რატომღაც მასაც სჭირდება გავლა
სანუკვარ გზისა!
|