ჩემს მეგობარ პოეტებს
ვინც ტრაგიკულად მოკვდა, იმას პოეტი ჰქვია,
ორჯერ პოეტი - ვინც თარიღებს აუღო გეში.
ოცდაექვსისამ ერთმა შუბლში იხალა ტყვია,
მეორემ ყულფი წამოიცვა ჩვენს „ანგლეტერში“.
33 წლის ასაკში პოეტმა ქრისტემ:
- არა კაც კლაო! მოკლავ - მაინც ყველგან მოგაგნებ!
მაგრამ ლურსმნებით დაუჭედეს ხელები ისე,
რომ არ ეწერა, არ შეექმნა, ეფიქრა ნაკლებ.
37-ის გახსენება მაფხიზლებს წამში,
ახლაც, თითქოსდა ქარბორბალამ ჩამომიქროლა:
ასეთ ასაკში პუშკინს ერგო ტყვია დუელში,
მაიაკოვსკიმ საფეთქელი დაადო ლულას.
37 ვერაგია, მზაკვარი ერთობ,
მას არც უფალმა მიაგება წმინდა კანდელი;
ამ ზღვარს ვერ გასცდა ბაირონი და ვერცა რემბო,
როგორღაც გაძვრნენ თემც ახლანდელნი...
ერთი დუელი არ შემდგარა, გადაიტანეს,
33-ის ასაკში კი - ჯვარცმა და ვნება...
37 დაემონა სურვილს სატანის
და საფეთქელი შეუბღალა თვით სათნოებას.
„სისუსტე არის სროლა?!“ არა, სულელნო, სდექით!
სულმა ხომ ქუსლში დაივანა უკვე თქვენამდე!
პოეტს არ უჭირს დანის პირზე იაროს ტერფით -
ის სულს ისერავს სისხლის დენამდე!
უფალმა პოეტს დაუბედა კისერი გრძელი
დაამოკლეთო! - განაჩენი გულისხმიერი!
მაგრამ ენებულიც, ბასრი დანით გულდასერილიც
ბედნიერია - მოკლეს, რაკი იყო ძლიერი.
მე მეცოდებით, ფატალური რიცხვის მონებო, -
იტანჯეთ, როგორც იტანჯება ჰარემის ხარჭა!
სიცოცხლის ვადა გაიზარდა - იქნებ პოეტთა
აღსასრულამდეც დიდი დრო დარჩა!
გრძელი კისერი თუმც მარყუჟის სატყუარაა,
მკერდი კი ისრის სამიზნეა - შესდგეთ ეგების:
უკვდავება ხომ თარიღებსაც მიიჩნევს არად -
მაშ, ცოცხლებს ასე ნუ ერეკებით!
|