ტაშის ცემამ ყურთასმენა წამართვა,
თვალის ჩინი - მომღერალთა ღიმილმა, -
ხმას ვუწყობდი ფრინველების მბაძავთ და
დიდხანს მტანჯა სიმფონიის კივილმა.
არაერთხელ ჩემს სხეულში გაცრილი
კრიალა ხმა სულს ეცხო ლიტანიად,
აი ისიც! - ჩემს იმედად დაცდილი,
ვისთვისაც მე ტანჯვა ამიტანია.
ვინ სიჩუმეს უმღეროდა ღრიალით,
ვინ მთვარეზე ჩურჩულებდა ნაზად;
ზოგი კისერს იხერხავდა ხრიალით, -
მე ყველა ხმას ვუმატებდი აზარტს...
ღიღინს ვერვინ დაიყენებს თავდებად,
კივილი კი ბასრი დანის დარია, -
ხმა გიჩვენებს, თუ რა შვილიც ბრძანდება,
მე კი მისი მახვილი და ფარი ვარ!
სიმღერისგან ზოგს ძალ-ღონე ეცლება,
ვით ჯარისკაცს, პლაცზე ჯანმორღვეულს, -
მე მოქნილი კისრით ველაციცები
ოფლისაგან მოლაპლაპე სხეულს.
ვინ სიჩუმეს უმღეროდა ღრიალით,
ვინ მთვარეზე ჩურჩულებდა ნაზად,
ზოგი კისერს იხერხავდა ხრიალით, -
მე ყველა ხმას ვუმატებდი აზარტს...
უცებ ვკივი: „- აზრზე მოდი, შეიგნე, -
რას მღერიხარ?! დაგეშრიტა ქანცი!
დაისვენე, ეს ბადაგი შეირგე,
ხალხო, იქნებ გააჩეროთ ანცი!“
ყველაფერი ამაოა - ვინ გისმენს, -
ის ბალზამით მასხამს ყელში ქეძაფს;
მე ვტორტმანებ, ძლივს ვიმაგრებ კისერს, -
ვინ დაგიდევს მიკროფონის ხვნეშას!..
ვინ სიჩუმეს უმღეროდა ღრიალით,
ვინ მთვარეზე ჩურჩულებდა ნაზად;
ზოგი კისერს იხერხავდა ხრიალით, -
მე ყველა ხმას ვუმატებდი აზარტს...
რაშიც გინდათ, ბრალი დამდეთ, იცოდეთ,
საკუთარ თავს ვერსად დაემალები:
ხვედრად მერგო, უსაშველოდ ვიწვოდე, -
ვაძლიერებ ტყუილს და ვიტანჯები.
მაგრამ ჩემი მოთმინებაც გათავდა
და მე ვიწყებ კივილს, კი არ ვმღერი;
ყელში მწვდნენ და ჩამაჩუმეს ანაზდად,
უმალ ნახეს ჩემი მაგიერი.
ვინ სიჩუმეს უმღეროდა ღრიალით,
ვინ მთვარეზე ჩურჩულებდა ნაზად;
ზოგი კისერს იხერხავდა ხრიალით, -
მე ყველა ხმას ვუმატებდი აზარტს...
ახალბედა ხომ ყველაფერს მოითმენს,
ვერ გაბედავს კივილსა და ღმუილს!
ასე ხშირად გვანაცვლებენ ერთმანეთს,
რომ ხელი არ შევუშალოთ ტყუილს.
...მერე შტატივს, მე და სხვა მიკროფონს
შალითაში ამოგვხადეს სული, -
მათ მიამბეს, როგორ მოეფონა
იმ მომღერალს ჩემი აღსასრული.
|