ზურგი ვაქციე ფატალურ ბოლოს,
სიცოცხლეს მტკიცედ ჩავჭიდე ხელი,
ჩემთვის ის წუთი არარა არის,
მხიარულ ჰანგზე თუ არა ვმღერი.
არა, არ მიყვარს ცივი ცინიზმი,
აღფრთოვანების არ მჯერა, თანაც -
მძულს, ქურდულ მზერით როცა ვიღაცა
ცდილობს, თვალებით მისწვდეს ჩემს ბარათს.
ბოლომდე მიყვარს სათქმელის თქმა და
მისმინე, ვიდრე ტაბუს დამადებ...
არ მიყვარს, როცა ესვრიან ზურგში,
არც შუბლში ტყვიის დახლას ვღაღადებ.
მე მეზიზღება ჭორების ქარი,
ჩრჩილების ეჭვი, პატივი ეკლის,
უმისამართოდ თავზე ხელის სმა,
მინაზე რკინის გადასმის ხერხი.
ვერ ვიტან მაძღარ თვითდაჯერებას,
იქნება სჯობდეს, რომ მიჰყვე ვნებას.
მაფორიაქებს სინდისის ბედი -
ვერსად გაექცა ცილისწამებას.
გულგრილად ვუმზერ გადამსხვრეულ ფრთებს,
არც უძლურებას, არც ძალას მივდევ.
არ არის ჩემში სხვა თანაგრძნობა, -
მე მეცოდება ჯვარცმული ქრისტე.
არ მიყვარს, როცა სიმხდალეს ვიჩენ,
როცა მართალ კაცს სილას აწნავენ.
მძულს, როცა სულში მოძვრებიან და
არაფრისათვის უღვთოდ დაგწვავენ.
მძულს მანეჟი და არენა, სადაც
ერთი ფასი აქვს მილიონს, მანეთს.
ათას ქარტეხილს გავუძლო იქნებ,
ამას კი მაინც ვერ შევიყვარებ!
|