ვხარხარებ, ძალით ვტაკიმასხარობ, -
ასეთი როლი შემომთავაზეს.
მოღუნულ ცხვირებს, დაკრეჭილ კბილებს -
რას არ შეხვდებით ამ კარნავალმე!
შემომეხვია გრძნეულთა ტალღა,
ვეღარ მოვასწარ უკან დახევა. -
უტყუარ ნიღბად მიიღეს, ალბათ ,
ჩვეულებრივი ჩემი სახება.
ციალებს ირგვლივ ათასი ფერი,
გვიანღა არის კბენანი ნეკზე.
მიკიჟინებენ - ტაქტს ვერ ავყევი,
რომ პარტნიორებს ვაბიჯებ ფეხზე.
როგორ მოვიქცე? მოვკურცხლო? იქნებ
დავრჩე და მათთან ვიმხიარულო?..
მხეცთა ნიღაბქვეშ, ალბათ, რამდენი
კაცური კაცის სული მარხულობს.
ჩამალულია ნიღბებში ყველა -
ზღაპრებისა თუ იგავთა გმირი.
ეს არლეკინი, ის კი - ჯალათი,
ყველა მესამე - ნამდვილად ვირი.
ერთი იფერებს ურცხვად თეთრ ფერებს,
სხვამ ნიღაბის ქვეშ მალვა არჩია.
ვიღაცამ სხვისი ნიღბისგან მერე
თავისი სახე ვერ გაარჩია.
და მეც ვებმები ფერხულში, თუმცა
არ იქნა, მაინც ვერ მოვისვენე:
რომ მოეწონოს ვინმეს ჯალათის
ნიღაბი და არ მოიხსნას მერე?
არლეკინს მართლა რომ მოეწყინოს
და სამუდამოდ მწუხარე დარჩეს?
ვინმე სელელმა კარნავალს მერეც
რომ დაიტოვოს ჭკვიანის სახე?!
კეთილ სახეებს შევიცნობ როგორ,
პატიოსანი ვით გავარჩიო? -
დღეს ხომ ნიღბები ყეელამ მოირგო
ნამდვილი სახის გადასარჩენად.
მგონი, გავუგე ნიღბებს მუღამი
და ჩემი დასკვნაც არის უცილო:
ამ გულგრილობის ნიღბით ცდილობენ,
ფურთხი და სილა რომ აიცილონ.
|