კვალი წაშალეს... მლანძღეთ, თუნდაც არისხეთ ზარი,
ფინიშად მიჩანს ჰორიზონტი გასაკვირველი,
ფინიშის ხაზი დედამიწის კიდეზე არი, -
მე ჰორიზონტზე მივალ პირველი!
ამ ნიdლავს ყველა როდი შეხვდა სიამოვნებით
და ხელის ჩაჭრაც იყო მხოლოდ მოხდა ვალისა.
ნიdლავით მხოლოდ გზატკეცილზე უნდა იარო,
არც გადახვევა, არც გადახრა გვერდზე თავისა!
დაიწყო სრბოლა, მუხლა ლილვით ვისრუტავ გზას და
მავთულის გასწვრივ მივაქროლებ თავდაჯერებით,
მაგრამ ძრავის წინ გამუდმებით ხან შავი კატა,
ხან შაოსანი ვიღაც მხვდება შავი ხელებით.
წინასწარ ვიცი, გამიჩხერენ ბორბლებში ჯოხებს
და მიმუხთლებენ თავგადაკლულ ქროლვაში ჩართულს;
ვხვდები, აღკვეთენ ჩემს სრბოლას და ქირქილით ოხერს
საბედისწეროდ გაჭიმავენ ავბედით მავთულს.
ვღელავ, ვჩქარობ და ისრებს ვძირავ ბოლო ციფრამდე
და აქეთ-იქით ვისვრი კენჭებს, როგორც საფანტებს.
ჩაფრენილი ვარ საჭეს, ვუჭერ ხელის კრუნჩხვამდე -
უნდა მივასწრო, ვიდრე ყველა სხივი გაფანტეს!
მივიწევ წინ და მუხლა ლილვით ვისრუტავ მანძილს, -
მავთულის გასწვრივ მივაქროლებ, გავუსწარ დროსაც;
უნდა ვიჩქარო, თორემ ეშმა კისერზე მაზის, -
მის სიმაღლეზე წამოსწევენ დაჭიმულ ტროსსაც.
დამდნარ ასფალტს და საბურავებს კი ოფლი ასდით,
მზის წნულთან მწიწკნის რაღაცა და იხსნება კვანძი, -
შიშველი მკერდით ვეჯახები დაჭიმულ ბაგირს,
ცოცხალი ვრჩები და ვერავის ვახარებ ძაძით!
ვინც ეს ნიძლავი მაიძულა, არის ბინdური,
კამათშიაც და ანგარიშშიც ეშლება ერთობ!
თუნდაც მოლიპულ მოსახვევში არ მოვცურდები, -
ვამუხრუჭებ და ეს აზარტი კიდევაც მართობს.
მივიწევ წინ და მუხლა ლილვით ვისრუტავ მანძილს, -
არაფრად მიჩანს მავთულთა თუ ბაგირთა შური, -
თქვენ წაგებულნი დაამშვიდეთ როგორმე მაშინ,
ჰორიზონტზე რომ გამოვჩნდები გამარჯვებული!
ჩემი ფინიში - ჰორიზონტი კვლავ მემალება,
ვერ გავჭერ ბაბთა, მაგრამ „ტროსს“ კი ვუტირე დედა, -
ვეღარც ბაგირმა გადამიჭრა კისრის მალები,
მაგრამ მიშენენ ტყვიებს, თუმცა მივქრივარ მხნედა.
ფულის გულისთვის არ მოვსულვარ მე ამ სრბოლაზე, -
მთხოვეს ყოველ წამს მზადყოფნა და სიფხიზლით თრობა,
რომ დამედგინა მე საზღვარი მიწის კიდეზე
და ჰორიზონტის გადაწევის შესაძლებლობა.
მივიწევ წინ და მუხლა ლილვით გზებიც შემოკლდა,
ყველაფერს ვღონობ, საბურავებს ვაცილებ ტყვიებს,
მაგრამ ვაი, რომ მუხრუჭები მღალატობენ და
ჰორიზონტამდე ვერ მივაღწიე!
|