რა არ ვიღონე, მაგრამ მაინც დავშვერ ამაოდ,
ვერ გავარღვიე, ვერ გავწყვიტე წყეული ალყა!
გუშინდელივით დღესაც ისევ გარს შემომერტყა
დაუნდობელი ეგერთა ტალღა!
ნაძვების მიღმა ორლულიან თოფებს მალავენ,
ავად სისინებს სასიკვდილო ტყვია წყეული,
ყალყზე დგებიან და ღმუიან საბრალო მგლები -
ცოცხალ სამიზნედ გადაქცეულნი.
ხოცავენ მგლებს და ნადირობა აზარტში შედის,
არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა!
მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის,
თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა.
უთანასწორო თამაში აქვთ ეგერებს მგლებთან,
მაგრამ რა მერე... არ უთრთოლავთ წამით bელები!
თავისუფლება ჯერ ალმებით შემოგვისაზღვრეს,
მერე გვესვრიან თავგამეტებით.
ტრადიციების ერთგულნი ვართ მგლები ოდითგან
და ჩვეულებას ვერ დავარღვევთ, მიწად რომც ვიქცეთ.
დედის ძუძუსთან შევიწოვეთ ჭეშმარიტება:
„არ შეიdლება ალმების იქით!“
ხოცავენ მგლებს და ნადირობა აზარტში შედის
არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა!
მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის,
თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა.
რა გვემართება, რამ მოგვნუსხა, გვითხარ, ბელადო,
ფეხმარდნიც ვართ და ყბებსაც ვიქნევთ, ხომ იცი, ბასრად,
ბრმებივით მაინც რად ვისწრაფვით თოფის ლულისკენ,
აზრად არ მოგვდის ზონიდან გასვლა?!
არ შეუძლია მგელს სხვაგვარად, ეს კანონია!
აი, თავდება ჩემი წილი წუთისოფელიც...
მან, ვისი წერაც უნდა გავხდე, ჩაიქირქილა
და წამოავლო იარაღს ხელი...
ხოცავენ მგლებს და ნადირობა აზარტში შედის,
არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა!
მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის,
თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა.
მოთმინება და მორჩილება ჩემი გათავდა -
ალმების იქით სანუკვარი სიცოცხლე არი!
ადამიანთა გაოცების მომდევს ძახილი,
მე კი მივქრივარ, ვითარცა ქარი...
მივიწევ წინ და ვეფერები სიცოცხლის წყურვილს,
დღევანდელი დღე გუშინდელს არ ჰგავს!
გარს შემომერტყნენ ეგერები, გარს შემომერტყნენ,
მე გავარღვიე სიკვდილის ალყა!
ხოცავენ მგლებს და ნადირობა აზარტში შედის,
არვინ დაგიდევთ, თუ დედის წინ შვილი გათავდა!
მარეკთა ძახილს მეძებრების ღრიალი ერთვის,
თოვლზე ჩანს სისხლი და ლაქები წითელ ალამთა.
|