აისის შუქმა ელვასავით მოგვჭრა თვალი და
მყის ჩახმახებმაც სეზამივით გახსნეს კარები;
„ჭრიჭინობლები“ ცად აფრინდნენ მყრალ მდინარიდან,
თითქოს გამოძვრნენ ჯალათები ავსახსენები -
დაიწყეს სროლა თავგამეტებით.
თქვენ კი დაემხეთ და დამალეთ თქვენი ეშვები!
ვინც ალმების ქვეშ მიძვრებოდით ჩვეული გეშით,
სამგლე ორმოებს გრძნობთ საკუთარ თათის შეხებით;
და ისიც, ვისაც არ ეწევა ტყვიების წვიმა,
შიშმა გატრუნა და დააწვინა.
მგლებს რომ ცხოვრება უღიმოდეთ, ვერ იტყვის ენა, -
ამაოდ ვეტრფით და ვეფერებით.
სიკვდილს კი ახლავს ალესილი კბილების ღრჭენა,
ერთობ ჯანმრთელი მას აქვს კბილები!
მაშ, გავუღიმოთ მტერს ჩვენებურ მგლური ქილიკით, -
არ დაგვიგლიჯავს ჯერ ძაღლები, ოღონდ წამიერს
არ აჰყვეთ ვნებას, თოვლს ატყვია სისხლის სვირინგი:
„ჩვენ აღარა ვართ მგლები ამიერ!“
კუდისაკრებით მივცოცავდით, როგორც ძაღლები
და გაოცებულ სიფათებით ვუმზერდით ზეცას:
ან შურისგებად გადმოგვესხა ცეცხლის ალები,
ან დედამიწა უცაბედად თავზე დაგვექცა, -
„ჭრიჭინებიდან“ ეღვთოდ გვესვრიან.
ტყვიის წვიმის ქვეშ სისხლში ვცურავთ, სად არის ღმერთი!
ვნებდებით, რადგან სულერთია, გავაწყობთ ვერას!
ცხელი მუცლებით ვადნობთ თოვლს და შევიგნეთ ერთი:
ამ სასაკლაოს ადამის ძე მოუწყობს ყველას,
ვინც შეეცდება სრბოლას და ფრენას...
ძაღლების ხროვავ, ჩვენ ამაოდ ნუ გვერკინებით,
თანაბარ ჩხუბში წარმატებას ჩვენსას გპირდებით!
ჩვენ მგლები ვართ და მოგვწონს კიდეც მგლური კირთება,
თქვენ - ძაღლები და ძაღლურად კვდებით!
მაშ, გავუღიმოთ მტერს ჩვენებურ მგლური ქილიკით, -
არ დაგვიგლიჯავს ჯერ ძაღლები, ოღონდ წამიერს
არ აჰყვეთ ვნებას, თოვლს ატყვია სისხლის სვირინგი:
„ჩვენ აღარა ვართ მგლები ამიერ!“
ეხედავ, თვალებში ვეჩხირები ნახევრად მთვრალებს,
ვწრიალებ, თანაც ვუხმოხ მგლების დაბნეულ სულებს:
- ტყისაკენ, მგლებო, - მორბენალებს ვეღარ მოკლავენ!
ტყისაკენ - იქნებ გადაურჩეთ ამ ცეცხლის ალებს!
ლეკვებისათვის მოუხმეთ ძალებს!
ცოცხლები უკვე შეეფარნენ იქითა მაღლობს,
რა შემიძლია? მე აქ ვერას გავაწყობ ერთი!-
თვალებმა უკვე მიღალატეს, დაჩლუნგდა ალღო...
სადა ხართ, მგლებო, ყვითელთვალა გულადო ძმებო,
სად დაიკარგეთ? თქვენ თქვენი ღმერთი!..
...გადავრჩი, მაგრამ გარს მარტყია ხროვა ძაღლების,
ვისთვისაც მგლური მოძახილი ხილია უცხო;
თუმც კი არიან ჩვენი ძველი ნათესავები,
ჩვენ მათ ნადავლად მივიჩნევთ უფრო.
ვაშიშვლებ ტკივილს და იმედის მსახურად ვდგები -
მტრისთვის ვიმეტებ ჩვენებურ მგლურ ქილიკს წამიერს,
თოვლზე კი ჩვენი წმინდა სისხლით ნასვირინგები
ლღვება წარწერა: „აღარა ვართ მგლები ამიერ!“
|