ყოველგვარი შესავლის დრო წავიდა, -
არც სიცრუე და არც ყალბი თხრობა:
მე მიხმობენ დიდკაცები თავისთან,
რომ ვუმღერო, „მგლებზე ნადირობა “.
ბავშვებისგან გაიგონა მღერა ან
ფანჯრებიდან იქნებ მოისმინა?
რას გაიგებ, - იშოვნიდა, ცხადია,
მაგნიტოფონს ვინმე დიდი ძია.
ჯერ საქმეზე იბაასა ოჯახში,
სად ტორშერით ნათდებოდა ბნელი.
მერე ფრთხილად, მეზობლისგან მალულად,
გამშვებ ღილაკს დააჭირა ხელი.
ვერ არჩევდა უკანასვნელ სიტყვებს
ერთობ ცუდი ჩანაწერის ფონზე
და წვალებით, დიდი ვაი-ვაგლახით
მოისმინა „ ნადირობა მგლებზე“.
ყური უგდო უკანასკნელ ნოტამდე
და, რადგანაც კარგად ვერ გაიგო,
გაბრაზდა და „ნადირობის“ ავტორი
მეორე დღეს კაბინეტში იხმო.
სიმხნევისთვის არ შემისვამს ღვინო, -
არც ყოყმანით ავიშლიდი იარებს;
კარის ზღურბლთან შევჩერდი და ბოლომდე
„ნადირობა მგლეზმე“ დავაღრიალე.
უდავოა, შეეხვეწნენ ბავშვები,
ყოფილიყო სულ ღიმილის ცდაში.
ყურადღებით მომისმინა და ბოლოს
მოწონების მომაგება ტაში
და ჭიქებზე ბოთლის მიჭახუნებით
დაარხია ზარნარევი ხმები,-
დაიყვირა: „- ეს ხომ მე შემეხება!
ეს ჩვენზეა! რა მგლები, რის მგლები! “
ბოლო სამ წელს დღეში ხუთჯერ რეკავენ, -
ახლა, ალბათ, რაღაც აეწყობა -
დიდკაცები მეძახიან თავისთან,
რომ ვუმღერო „მგლებზე ნადირობა“.
|