მესიზმრება საზარელი სიზმარი:
ჩემი კუბო დგას ოთახის ცენტრში,
დაკრძალვაზე ვამპირები მოსულან,
მე ვხედავ და ყველაფერი მესმის -
ვამპირები გატაცებით ჰყვებიან
მრავალწლიან სიცოცხლეზე მხოლოდ.
ჩემი სისხლის გამოწოვა გადადეს,
რომ დესერტი დააყოლონ ბოლოს.
ჯერ კუბოში ჩამასვენეს წვალებით,
მერე ძლიერ ვურდალაკსაც უხმეს;
მანაც ეშნოდ აბრიალა თვალები,
მაჭედებდა და მტკეპნიდა ეშხით,
ქანცგაცლილი აფურთხებდა წვინტლსა და
მოუჩანდა მოყვითალო ეშვი.
ვიღაც მარჯვე ვამპირმა კი ძლიერად
დამკრა მუხლზე, ვეღარ მოისვენა,
როგორც იქნა, ჩამატია კუბოში
და ხმაურში ჩამიკბიჩა ვენა.
მერე ბრძენი სისხლისმსმელი წამოდგა,
გადმოშალა, რაც მოადგა ენაზე,
იშვიათი შთაგონებით წარმოთქვა
ბრძნული სიტყვა სისხლჭარბობის თემაზე.
აი, ვხედავ საპატიო ყარაულს -
ზრდილობისთვის დაიღვარნენ ცრემლებად, -
ვგრძნობ, საძილე არტერიას უცქერენ,
არაფერი სხვა მათ არ ედარდებათ
და ,თუ ჩემი არტერია განგმირეს,
მე ამ სიზმრით რაღაც დამეკარგება.
დაიცადეთ, გასწით თქვენი ბრჭყალები!
რას მიპირებთ, ქაჯნო, რა ჭირს მისევთ!
რაკი მესმის და ვგრძნობ, ირგვლივ რაც ხდება, -
გამოდის, რომ ცოცხალი ვარ ისევ!
საწამლავი ჩამიწვეთეს ღვინოში,
მეც მივვარდი, სასმელს დახარბებული,
მაგრამ ისევ თვითონ ჭამეს სირცხვილი,
მოტყუვდნენ და დარჩნენ გაწბილებულნი.
ვინც საწამლავს უღვთოდ მჩრიდა პირში,
თავად მოკვდა და გაფშიკა ფეხი.
ვარ კაჟივით უძლიერეს ჯიშის,
თავზე იმას დაატყდება მეხი!
არას ვშიშობ და საწამლავს ვღეჭავ -
აი ჩემი გამარჯვების ხერხი!
მაშ, რად ვწევარ, თავს რად ვისულელებ,
რად არ ვდგები, არ ვხარხარებ, ნეტა?!
რატომ იქით არ ვაშინებ მკვლელებს,
იმათ, ვინაც ასე გამიმეტა?!
თავიდანვე ხომ შემეძლო მათი
დაფრთხობა და გაყრა გაბედულად -
შემიძლია, გავინძრე და მაშინ...
მაგრამ არა, მოვიქცევი ბრძნულად.
ვარ უსაფრთხო, როგორც ჭიაყელა,
არას ვამბობ, გაუნძრევლად ვწევარ.
ვამპირი კი დადის ჭიქით ხელში -
სურს, მეძგეროს, მიბრიაღებს თვალებს.
ერთის მზერა ძღება კისრის ეშხით -
ჰგონია, რომ გამომრჩება რამეს!
სისხლისმწოველთ რაღა შეაჩერებს,
გაჰკივიან ყვითელ ეშვთა ჩენით -
და ბოკალში ჩაიღვარა უკვე
უმანკო და წმინდა სისხლი ჩემი.
დამაცადეთ, მე დაგისხამთ თვითონ, -
ვიცი, ერთობ გემრიელი არი!..
ჰო, იგემეთ ჩემი სისხლი, ბილწნო,
იქნებ გაძღეთ და დაგიცხრეთ თვალი!
მე კი ისევ გაუნძრევლად ვწევარ,
მუშტის შეკვრაც არ მიცდია წამით, -
თუმცა, ვიცი, ვინც არ დაიძაბა,
ვერასოდეს წამოსწია თავი;
ხოლო იმას, ვინც არ ექანება,
ვერ ამჩნევენ და დღეგრძელიც არი.
შესევიან ზურგს ჭიანჭველები,
უკვე მიჩანს სასიკვდილო პირი...
გადავრჩები, თუკი გავიღვიძებ, -
თუ დავძლიე კოშმარული ძილი!
...რა უნდა ვთქვა, რისი მეშინია
(სიზმრები ხომ კვლავ გრძელდება ავი)?
ჩემს ხსოვნაში დარჩებიან მაინც -
რა ყრია, რომ გავახილო თვალი!..
|