საზღვარზე ყველგან - თურქეთია თუ პაკისტანი -
ნეიტრალური ზოლია და გუშაგნი დგანან.
მარჯვნივ, ბუჩქებთან, ჩვენებია ჩვენი კაპიტნით,
მარცხენა მხარეს ისინი ჩანან.
ნეიტრალურ ზოლზე კი ყვავილები ყვავის,
ყვავილნარი უჩვეულოდ თვალწარმტაცი არის!
კაპიტნის სატრფო თანახმაა, ოჯახი შექმნას,
„ძვირფასი ხარო“, - ათას რამეს ჩურჩულებს ქალი.
დაამშვენებდა თაიგული დედოფალს ჩვენსას,
უყვავილებო ქორწილი ხომ ლოთობა არი!
ნეიტრალურ ზოლზე კი ყვავილები ყვავის,
ყვავილნარი უჩვეულოდ თვალწარმტაცი არის!
მათ უფროსთანაც, თითქოს ესეც უწყებით იყოს,
მიფრინდა სატრფო და ცოლობა მანაც ინება.
„ჩემო კარგოო“, - მათებურად მანაც დაიწყო, -
„იყოს ქორწილი და დასვენება!“
ნეიტრალურ ზოლზე კი ყვავილები ყვავის,
ყვავილნარი უჩვეულოდ თვალწარმტაცი არის!
მესაზღვრეები ყვავილნარში ღამით გადიან,
მამაც სამეულს სურს, კაპიტნის გვერდით იაროს.
რა იციან, რომ აზიელებს იგივ სწადიათ -
შუაღამისას ყვავილნარში იხეტიალონ.
ნეიტრალურ ზოლზე კი ყვავილები ყვავის,
ყვავილნარი უჩვეელოდ თვალწარმტაცი არის!
ყვავილთ სურნელით კაპიტანი სულ დათუთქულა,
მათ კაპიტანსაც იგივე ხომ არა სჭირს, ნეტა! -
ის ყვავილებში ჩაფლულა და ოხრავს თურქულად,
რუსი კი ყვირის: „- ოხ, შენი დედა!..“
ნეიტრალურ ზოლზე კი ყვავილები ყვავის,
ყვავილნარი ეჩვეულოდ თვალწარმტაცი არის!
სძინავს კაპიტანს, ესიზმრება საზღვარი ღია,
ის გაუხსნიათ - კრემლის დიდი კარიბჭის დარი.
საზღვარგარეთი არც არასდროს არ უნატრია,
სურდა, გაევლო ნეიტრალურ მიწაზე წამით.
რატომაც არა? დედამიწა ხომ ყველასია?
ნეიტრალურიც მხოლოდ ის არის!
ნეიტრალურ ზოლზე კი ყვავილები ყვავის,
ყვავილნარი უჩვეულოდ თვალწარმტაცი არის!
|