ვიტყვი, არ დავწერ, - ხელები კი ითხოვენ წერას.
ძვირფასო დედა, მეგობრებო, იღონეთ რამე!
ვწევარ - მიჭვრეტენ, პალატაშიც ვგრძნობ იმათ მზერას, -
ვეღარ ვიძინებ: ვშიშობ, მომკლავენ.
გვერდით წყნარი და უკურნელი გიჟები მყვანან,
მკურნალობენ და მათ ზურგებზე მათრახებს სცდიან.
თვინიერები ხშირად ჭუჭყის მორევში წვანან,
შიმშილობისგან სულებსა ხდიან.
საოცარია: გახსნილი აქვს ყველას ხელები, -
დამშეულები, ჩემს ულუფას სანსლავენ ხარბად
და, რაც აქ ხდება, დოსტოევსკის „ჩანაწერები“
ახლოს ვერ მივა წამითაც, ალბათ.
ნეტავ, ენახა დოსტოევსკის, კარებზე ცემით
როგორ იხეთქენ შუბლებს, როგორ იბრძვიან ბედთან!
გოგოლისთვისაც რომ მოგეთხროთ, ღმერთს გეფიცებით,
ისიც ვერაფრით დაიჯერებდა.
ვიტყვი: ეწამნენ, მიაფურთხე, იყავ გულგრილი!
ძაღლის დაყრილნი, ხომ არიან მართლა გიჟები!
მაგრამ, საწყლები, მლოკავენ და მეფერებიან,
ძალა მელევა და ვიშრიტები.
გუშინ მეშვიდე პალატაში ერთი შეშლილი
გადაირია, გამძვინვარდა და გადახურდა -
„- მაძლევ თუ არა ამერიკას!“ - ყვიროდა იგი
და დაუბრუნა სანიტრებს ხურდა.
მე ჯერჯერობით ჭკუაზე ვარ, უნარი განსჯის
არ წამრთმევია, მაგრამ ჩემიც დადგება ჯერი, -
ეს ყველაფერი მეც მომელის, ვიცი, მეც დამსჯის,
არც მე ამცდება ჯალათის ხელი!
მთავარ ექიმ ქალს ვეუბნები: „- მე გავგიჟდები!“
ის კი მპასეხობს: „- მოითმინე!“- ცინიზმით მავსებს.
ის ქალი, მგონი, შეშლილია, - მე ამას ვხვდები:
ის თავად არის მწყრალად ჭკუაზე.
მეც ვიცდი და ვგრძნობ, ბასრ მახვილზე დავიარები,
გადამავიწყდა ანბანიც კი, ფიქრი მკლავს მრუდე...
მე ვთხოვ მეგობრებს, მომიშუშონ ეს იარები
და მომაცილონ შეშლილთა ბუდეს!
|