არც სიცივეა და არცა ყინვა,
მიწა თბილია, ძახველს ფერი აქვს მეწამული.
ნოვოდევიჩზე კიდევ ერთი საფლავი გვტკივა -
მიწაში ჩაწვა კაცი კაცური.
„არ იცოდაო, ჩანს, ძველი რწმენა, -
უსაქმო ხალხმა ააგორა ჭორების წყება, -
სიკვდილის ცელი უწინარეს იმას მოცელავს,
ვინაც ყასიდად, ხუმრობით კვდება.“
თავს ნუღარ იდებ, მაკარის ძევ, ამაოდ მაშინ,
შენაც გალაღდი, მიეც შვება ხმას, ყელში გაჩრილს,
ისევ ხელახლა გადაწერე, გადითამაშე,
გადაიღე და ცოცხალი დარჩი!
ცრემლში დაალტო ყველა მნახველი,
წყეული ტყვია გააცია როცა სხეულით;
ერთგულ ლეკვივით როს ჩაეკრა მშობლიურ მიწას.
გვერდით ძახველის იზრდებოდა ბუჩქი ეული,
ო, რა წითელი იყო ძახველი!..
თურმე, სიკვდილიც იჩემებს კარგებს -
სათითაოდ გლეჯს, უმოწყალოდ თავისკენ ღუნავს.
ჩვენი ძმაკაციც გაემგზავრა ბნელეთის გზაზე! -
უღონობისგან დამშვიდდა თითქოს,
აღარ ბობოქრობს და აღარც ჭმუნავს.
ვიხილავდით კი „რაზინს“ ამ წელში...
მაგრამ ნატურა? ან ონეგა, ანდა ნაროჩი?
ვერვინ აიღო, მაკარის ძევ, ამ სოფლის გეში!
შენი ჭაბუკი აღარსად მოჩანს.
ჩაკვდა ყოყმანი წამიერი და
ბაგეებს შორის ბედისწერამ გამოსცრა მშვიდად:
„ახსენით ტაბუ ამ ნათელ კაცს, გროშად უღირდა
ყველა ქელეხი და პანაშვიდი, -
ყალბ განდიდებას ის განერიდა.
მას დიდი სულის სინათლე აჩენს,
კაცურად ედგა უმძიმეს ტვირთს, მხრებზე დაწოლილს,
მასპინძელივით შეეგება ბედის განაჩენს -
გამთენიისას დაუტევა თბილი საწოლი!“
ჯერ განიბანა, მოსახდენი მას მერე მოხდა.
პირველქმნილივით სუფთა ყველა ღმერთის წინაშე,
ამჯერად იგი ნამდვილად მოკვდა
და უფრო მტკიცედ, ვიდრე ეკრანზე.
ჩვენ ვღრიალებთ და ვაბარებთ ცხედარს
ნოვოდევიჩის არყებს შორის გათხრილ სამარეს.
მარადისობის გზას გაუდგა ერთი მხედარიც,
გზას უსასრულოს და უსამანოს...
გვერდით ხარობდა შიშველი ბუჩქი
შემოდგომურა იასამანის...
|