ერთ მშვენიერ დღეს თუ შეიცანი,
რომ მეგობარი, ძმაკაცი შენი,
ის არ ყოფილა, რადაც იცანი -
არც მოყვარეა და არცა მტერი,
წაიყოლიე როგორმე მთაში,
დე, გამოსცადონ ზვიადმა მთებმა;
არ მოიშორო გვერდიდან წამით,
მისი ავ-კარგი იქ გამოჩნდება.
თუ მთამ შეაკრთო, შედრკა ჭაბუკი,
და შიშნაჭამი ქვევითკენ ივლტო,
მყინვარზე ფეხი დაუცდა თუკი
და დიაცივით ღრიალი იწყო,
მიხვდი, რომ უცხო გყოლია გვერდით,
განაგდე, შენთან რაღა ხელი აქვს!
არავის მიჰყავს მხდალები ზევით,
მაგნაირებზე არა მღერიან.
დაუჩივლელად და უდრტვინველად,
თუნდ მოღუშელმა, თუკი იაროს,
კლდიდან რომ მოსწყდე, ამოიკვნესოს,
შენი ტკივილი გაიზიაროს,
შენს გვერდით იგრძნო თანამბრძოლად,
მწვერვალზე იდგეს მუხლჩაუხრელი, -
ენდე, იწამე სიკეთე მისი
და სასოებით ჩასჭიდე ხელი!
|