ცხელ და ყვითელ აფრიკაში,
მის ცენტრალურ ნაწილში,
დატრიალდა ვაი-ვიში დღის
წესრიგის გარეშე:
„- წარღვნა ყველას წაგვლეკავსო“, -
სპილომ მორთო ღრიალი,
რაკი ჟირაფს ჩაუვარდა
ანტილოპას ტრფიალი.
ამ ყაყანში მე ბებერი
თუთიყუში ვიცანი:
„- ჟირაფს გრძელი კისერი აქვს,
უჭრის თვალთა ისარი!“
„- მერე რა ,რომ რქიანია? -
გაიძახის სასიძო, -
ფაუნაში დღეს ხომ ყველა
თანასწორი არისო.
ჩემს გულის სწორს ნათესავნი
თუ არ შეხვდნენ გაგებით,
მაშინ ნუღარ დამძრახავენ,
წავალ, დავიკარგები!“
ამ ყაყანში მე ბებერი
თუთიყუში ვიცანი:
„- ჟირაფს გრძელი კისერი აქვს,
უჭრის თვალთა ისარი!“
არც მამილო ანტილოპას
დაევასა სასიძო,
„- რა კაცია, ყველაფერი
მისთვის ერთი არისო!“
აპილპილდა სიძე-კაცი:
„- გადაგასხით თავზე ლაფი!“
და ბიზონებს შეეხიზნენ
ანტილოპაც და ჟირაფიც.
ამ ყაყანში მე ბებერი
თუთიყუში ვიცანი:
„- ჟირაფს გრძელი კისერი აქვს,
უჭრის თვალთა ისარი!“
ცხელ და ყვითელ აფრიკაში
ვერ ნახავთ იდილიას,
ჟირაფი და მისი ცოლი
ნიანგის ცრემლებს ღვრიან;
მათ ჭირ-ვარამს რას უშველი,
რა კანონით, როგორ,
ბიზონს ცოლად გაჰყოლია
ჟირაფების გოგო.
თუნდ შემცდარი ერქვას ჟირაფს,
დამნაშავე ის არი,
ვინც თქვა: „გრძელი კისერი აქვს,
უჭრის თვალთა ისარი!“
|