რუხი პიჯაკით შემოსილი შავი ტეტია -
მინისტრიც იყო, ოფიცერიც და სახლმმართველიც.
სახეს იცვლიდა, ვით ჯამბაზი შარახვეტია
და უმიზეზოდ შიგ მზის წნულში მირტყამდა ღრენით.
სიცილ-ხარხარით უღმერთონი მამტვრევდნენ ფრთებს და
სიმღერის ნაცვლად ვყმუოდი და მთუთქავდა ალი,
ვმუნჯდებოდი და უძლურება ფეხდაფეხ მდევდა
და ვჩურჩულებდი: „გმადლობთ, რაკი დავრჩი ცოცხალი!“
მე, ცრუმორწმუნე, მოვლენებთან კავშირს ვეძებდი,
მეგონა, მისას მიიღებდა ყველა შემცოდე...
კაბინეტებსაც დავირბენდი და ვიფიცებდი,
არ ჩავიდენდი მსგავსს არასოდეს.
ჭორიკანები ჩემს გარშემო ხმას ავრცელებდნენ:
„ვით ტიუმენში, ის პარიზში დაეხეტება.
დროა, გავაგდოთ რუსეთიდან! - გაიძახოდნენ, -
ჩანს, უფროსობას ეზარება ამის კეთება!“
იყო მსჯელობა ხელფასზე და აგარაკებზე,
რომ ვარ მდიდარი და ფულებში ვბანაობ ვითომ.
ყველაფერს გაძლევთ - სიტყვაც არ თქვათ დამატებაზე,
სამოთახიან ჩემს კამერას უფასოდ გითმობთ.
მჭირისუფლობდნენ, მზრეუნველობდნენ კეთილი რჩევით,
მიბრაგუნებდნენ მხარზე, მათთვის მე ხომ ნული ვარ.
მეუბნებოდნენ ეს ცნობილი მგოსნები ჩვენი:
„- არ ღირს გარითმო „ვყვირივარ“ და „ატუზული ვარ“.
მე დავიღალე, მოთმინების ძაფიც მიწყდება -
გავუთამამდი თვით სიკვდილსაც, კოშმარი მათრობს, -
დიდი ხანია, ჩემს გარშემო დაეხეტება
და ხრინწიანი ეს ჩემი ხმა აშინებს მარტო.
არც მიფიქრია, ღვთის სამართალს ვარიდო თავი,
თუ მიხმობს, მზად ვარ, ვუპასუხო შეკითხვას ყველას;
გაზომილი მაქვს მე ცხოვრების ყოველი წამი -
ავად თუ კარგად მე ჩემს ჭაპანს მივათრევ ჯერაც.
მე კარგად ვიცი სიცრუის და სიწმინდის გემო
და წუთისოფლის ყველა მრუდი გულზე მაჩნია.
მე ერთადერთი სავალი მაქვს, ბიჭებო ჩემო, -
საბედნიეროდ, არჩევანი არ გამაჩნია.
|