ჩემს მეზობელს მოვლილი აქვს ქვეყანა. -
არვინ იცის, რისთვის მიდი-მოდის.
სხვის საქმეში არ ვეჩრები, მაგრამ
ვიბოღმები, ძალზე გული მომდის.
მის ფანჯრებზე დიბა- ატლასს ვხედავ,
მისი ცოლი დაფლატუნობს ხალათში, -
რომ მომცემდნენ მეც მისოდენ ხელფასს,
ურანს ვნახავ მე მოსკოვის ასფალტში!
ტყუილია ხალხის მიეთ-მოეთი, -
ის არასდროს არ ირჯება ამაოდ:
რას დაეძებს? ფულები ხომ შემოსდის -
ღმერთო ჩემო, რა მაყუთში ბანაობს!..
მისი ვაჟიც კარგი ხვითო ვინმეა,
გუშინდელი წაქცევისა არ იყოს -
შეგნებულად დამიმსხვრია სურა და
მეც სამმაგად ვამზღვევინე მამიკოს.
ის შაურზე მანეთს არის ნაჩვევი?!
მაშ, მიხადოს თავხედობის ჯარიმა!
არა, მისი კი არა მშურს, ისე -
სიმართლის და კაცურობის ჯავრი მაქვს.
...მე მათ ისეთ სიმყუდროვეს შევუქმნი,
ხვალვე ჩვენი მეზობლობაც მორჩეს, -
მათ ჯიბეში ჩეჩქივით აქვთ ფულები,
ჩვენ არყისთვის ვაკოწიწებთ გროშებს!
|