ნაძვებს ღელვისგან უთრთით ტოტები,
განგაში ისმის ჩიტების ხმაშიც -
ამ ჯადოსნური უღრანი ტყიდან
ვერ გაფრინდება ზღაპრული რაშიც.
დაე, შორთხვის ხე გამოშრეს ქარში,
იასამანი დაფანტოს წვიმამ,
მე სასახლეში წაგიყვან მაინც,
სად სალამურის ჰანგები ცვივა.
შენი სამყარო ჯადოქრებისგან
ჩაკეტილია ოდითგან ასე
და არ გგონია, რომ ამ ტყის იქით
კიდევ არსებობს სხვა სილამაზე.
დე, დილით ფოთლებს გაუშრეთ ბაგე,
დე, მთვარე ცასთან დაობდეს ცხარედ,
იმ ნათელ კოშკში წაგიყვან მაინც,
აივანი რომ აკრავს ზღვის მხარეს.
როდის იქნება, რა დღეს, რა საათს,
ფრთხილად რომ მოხვალ და ამამღერებ?
ხელში აგიყვან და გადაგმალავ
იქ, სადაც ვერვინ მოგაგნებს მერე.
ან მოგიტაცებ, თუკი ეს მოგწონს,
იქნებ ქურდობაც გამაბედვინო?..
დამთანხმდე უნდა სამოთხის ქოხზეც,
თუ კოშკში სხვებმა დაიდეს ბინა!
|