გაქრა ხელებში თრთოლვა, კანკალი,
ახლა კი - ზემოთ!
შიში და ძრწოლა უფსკრულს ჩავყარე,
სამარადჟამოდ!
რა გამაჩერებს, მივსრიალებ
როგორც ღრუბელი...
ქვეყნად მწვერვალი არ არსებობს
დაუპყრობელი!
ფეხდაუდგამი გზებიდან ხომ
ერთი ჩემია!
აუღებელი მიჯნებიდან
ერთი მე მელის!
იმათ სახელებს, ვინც აქ წვანან,
ინახავს თოვლი...
უვალ გზებიდან ერთი მაინც
მე უნდა მოვვლო!
ფერდობს ეხვევა ყინულების
ცისფერი ალი,
გრანიტქვეშ ყუჩობს საიდუმლო
ნაბიჯის კვალი...
მე ოცნებებში ვიძირები,
მხილველი ყოვლის
და მტკიცედ მჯერა გულწრფელობა
სიტყვის და თოვლის!
რა დამავიწყებს, თუნდ ჟამთასვლის
დამატყდეს თქეში,
აქ დაეჭვება და ყოყმანი
ჩავკალი ჩემში.
ყურში მესმოდა წყლის ჩურჩული:
„წინსვლა მარადი!..“
დღე კი... ნეტავი, რა დღე იყო?
ჰო, ოთხშაბათი!
|