ვიპყრობთ მწვერვალებს, მივისწრაფვით ზემოთ და ზემოთ,
მერე კი ისევ ღრიანცელი გვიხმობს ქალაქის
და დაპყრობილი მწვერვალიდან ვეშვებით ქვემოთ,
სხვა წასავლელი არა გვაქვს რაკი.
მაშ, დაეხსენით უსარგებლო და ფუჭ ბოდიალს ...
მე ჩემდათავად დავამტკიცე და თქვენაც მენდეთ:
ამ მთას, მერწმუნეთ, მარტოდმარტო ის მთა სჯობია,
არ დაგილაშქრავს რომელიც დღემდე.
ვის მოუნდება გასაჭირში მარტო დარჩენა?!
ვის მოუნდება, არ უსმინოს გულის ვედრებას?!
მაგრამ ვეშვებით დაპყრობილი მწვერვალებიდან, -
ხომ ეშვებოდნენ თვითონ ღმერთებიც!
მაშ, დაეხსენით უსარგებლო და ფუჭ ბოდიალს -
მე ჩემდათავად დავამტკიცე და თქვენაც მენდეთ:
ამ მთას, მერწმუნეთ, მარტოდმარტო ის მთა სჯობია,
არ დაგილაშქრავს რომელიც დღემდე.
რაოდენ იმედს, რა სიმღერებს, რა ლექსის თემებს
აღძრავენ მთები და გვიხმობენ მართალთ თუ მრუდეთ,
მაინც ვეშვებით - ვინ ერთი წლით, ვინ - სამუდამოდ, -
რადგან ყოველთვის უნდა დავბრუნდეთ!
მაშ,დაეხსენით უსარგებლო და ფუჭ ბოდიალს -
მე ჩემდათავად დავამტკიცე და თქვენაც მენდეთ:
ამ მთას, მერწმუნეთ, მარტოდმარტო ის მთა სჯობია,
არ დაგილაშქრავს რომელიც დღემდე.
|