ვინა თქვა: „მიწა გადაიწვაო,
ხნულებში თესლი აღარ ჩაყაროთ?!“
ვინ მოიგონა მიწის სიკვდილი?
ის გაირინდა დროებით მხოლოდ!
ვერვინ წაართმევს მიწას დედობას,
ვერ ამოაშრობ ზღვას უცხო ფანდით.
ვინ დაიჯერა მიწის გადაწვა?!
იგი გაშავდა ბოღმით და დარდით.
ტრანშეები რომ დაღავდა მიწას,
ვით ჭრილობები ბასრი, ვეება,
არამიწიერს გაუძლეს ტანჯვას
გაშიშვლებულმა მიწის ნერვებმა.
მიწა მორჩილად უძლებს ტკივილებს
და ნუ დაარქმევთ ხეიბრის სახელს!
ვინა თქვა, მიწა არა მღერისო,
სამარადმჟამო სიჩუმეს არჩევს?!
გვიხმობს, გვეძახის ათასი წყლულით
დასერილი და ფერგადასული.
დედამიწა ხომ სულია ჩვენი,
არ ითელება ჩექმებით სული!
ვინ დაიჯერა მიწის გადაწვა?!
ის გაირინდა მხოლოდ დროებით...
|