ლევ იაშინს
მე დღეს მშვენიერ ფორმაში ვარ ისევ და ისევ -
აღტაცებისგან გაბადრულან მოსკოველები, -
როგორც ყოველთვის, მშვიდად ჩავჭრი დარტყმებს და მყისვე
მკვდარ ბურთებს მტკიცედ ეხებიან ჩემი ხელები.
აი, მეტოქეს კარში პენალტს უნიშნვს მსაჯი -
რეპორტიორთა გუნდიც უმალ იქითკენ მიდის;
მხოლოდ კი ერთი, რომელსაც დღეს უთუოდ დავსჯი
და დავასვენებ, ჩემს ზურგს უკან ჯიუტად იცდის.
ბოდიშით, ახლა მირტყამენ თაურს...
და მეც ვიცილბ კვლავ აურზაურს -
ვეხები ბურთს და კუთხურზე ვგზავნი.
ურტყამს მეათე, „ხმელი ფოთოლით“
სურს, რომ აიღოს ჩემი გოდოლი.
ბურთი ხელთა მაქვს და ტაშის ხმა ზეცამდე ადის, -
თუმცა, მეათემ ბურთი მოჭრა ჩვეული ეშხით.
კარგა ხანია, ასეთები ჩემთან არ გადის!..
ოღონდაც, მესმის, უკანიდან ვიღაცა ხვნეშის.
მოვიხედე და - მსაყვედურობს ფოტოკამერა:
„- ბოდიში, მაგრამ წამიხდინე სურათი დიდი!
რას ეხარბები ყოველ წამში ბურთის დაჭერას,
მე კი ლამაზ გოლს გადავიღებდი!“
მინდა, გემოზე შევუკურთხო და
ვეღარ ვახერხებ, ბურთებს მისევენ;
წამოვდექი და მესმის სისინი:
„- ა, კიდევ! შენ რა, ყველა ბურთს იჭერ?
არ მაღებინებ არცერთ კადრს, ბიჭო!“
„- მე, ამხანაგო, არ აგყვები ახლა დავაში,
მაგრამ აჯობებს, აახვიო აქედან ახლა!.
ვიცი, შენ გიჯობს, გადაიღო ბურთი ბადეში,
მაგრამ მერწმენე, ამას ვერ ნახავ...“
მეცხრე ნომერი ყუმბარისებრ დარტყმას მიგზავნის,
რეპორტიორი კი ბლუქუნებს: „- აცალე ერთი!
შეაგდებინე და შენს ოჯახს მუქთა სურათებს
არ დავულევო!“ - ლამის ტირის. რაღა ვქნა, ღმერთო?!
„- ეს ფეხბერთია, გოლი კი, - ვუხსნი, -
მეკარისათვის დანაა გულში“.
„- გაუშვი, ძმაო! ეგ სიჩაუქე
ამ ერთხელ დათმე! როგორც მეკარეს
ყველამე ლამაზ სურათს გაჩუქებ!“
ეს ვინ შემიჩნდა! ლამის თავგზა დამაკარგვინოს, -
ვტორტმანებ, როგორც ლერწამი - ქარში.
ახი არ არის, ახლა ბიჭებს ჩავუჩურჩულო
და ეს კამერა ნამსხვრევებად აქციონ წამში!
ის კვლავ წუწუნებს: „- ნუ იქნები დაუნდობელი -
შენ, რა თქმა უნდა, შეგიძლია, ყველა აიღო,
მაგრამ ეგ შენი გარჯა მხოლოდ წამიერია,
ფოტოგრაფია კი მუდმივი - უნდა გაიგო!“
ხუთი ნომერი, ოცდაორს შორის
სახელგანთქმული თავის ცუნცულით,
ვხედავ, მარჯვენა მხარეს ყუნცულობს;
დააცხრა ბურთსა და როგორც ტყვია,
მყისვე ბადეში გამომიხვია.
ამ ტაიმს ყველა ვთამაშობდით მხოლოდ პირქარში,
მეც ვერაფერი ვერ ვიღონე ... როგორ მაცთუნა!..
მაგრამ ვეება სურათი კი დამრჩა ბინაში -
ჩემი ყოყმანის და სირცხვილის უხმო დასტურად.
და ვწყევლი იმ წამს, ფოტოგრაფს რომ ვასიამოვნე,
ბურთებს ვიღებ და სულ ერთთავად ვფიქრობ იმაზე:
რამდენ მშვენიერ ფოტოსურათს ჩავუხშე სული! -
სირცხვილით ვკვდები, მაგრამ, თუნდაც დადექ ყირაზე...
გველთა მჩხიბავო, ჯალათო, რა ვქნა?!
ვერ დავეღწიე ცთუნებას, ვერა, -
ბურთის გაშვება ისევ მწადია,
ასეთი არის, ჩანს, ბედისწერა...
ახლა კი მშვიდად - კუთხურს აწვდიან...
|