ამ შენს ბილეთს, ამ შენს ვაგონს
ერთვის ყველაფერი კარგი და შენთვის იყოს
რომ სამოთხეში სიზმრად ნახო
სამი საუკუნის უწყვეტი კინო.
ჩავლილია, წაიშალა
ყველა ანაბეჭდი, კონტრაბანდა თქვენ გქონდეთ,
ვით ქერუბიმი, წმინდა ხარ შენ,
კლასი მეორე, თუმც თეთრეული მოსდევს.
და აი, ახდა ის, რაც უკვე ითქვა,
ცას სწვდება ელმავალი, მშვიდობა გქონდეთ,
ახ, როგორ გვინდა, ო, როგორ გვინდა
ვიძინოთ ტკბილად და არ მოვკვდეთ.
ბაქანი ზამთრის, გლოვა არ გამოვა,
ჩვენგან სამოთხეს წავა ერთ-ერთი,
არ იყვირო, ამაოა,
შენ შეხვდები ღმერთს, თუ არის ღმერთი.
შენ გადაეცი იმას მოკითხვა,
თუ დაივიწყებ, არაფერია,
სულ ცოტა დაგვრჩა, თუკი მოგვინდა,
დავაჩქარებთ და მოვკვდებით, როგორც წესია.
და აი, ახდა ის, რაც უკვე ითქვა,
ცას სწვდება ელმავალი, მშვიდობა გქონდეთ,
აჰ, როგორ გვინდა, ო, როგორ გვინდა,
ვიძინოთ ტკბილად და არა მოვკვდეთ.
აქ, ძილი ყველასი არ არის ხვედრი,
რაღაცას ჩავიდენთ, საქმენი გვიხმობენ,
ვიჩხუბებთ, ვიმღერებთ, მე, აი, ვმღერი,
სხვებს კი უყვართ ან რომ უყვარდეთ, ფიქრობენ.
ბევრი წავა, უსიზმროდ წავა,
თაობები საუკუნეთა დარაჯად მდგომნი,
შთამომავლობამ, რომ შეხედოს ლურჯ ცას,
უფალო, არ გვინდა, არ გვინდა ომი.
და აი, ახდა ის, რაც უკვე ითქვა,
ცას სწვდება ელმავალი, მშვიდობა გქონდეთ,
აჰ, როგორ გვინდა, ო როგორ გვინდა,
ვიძინოთ ტკბილად და არ მოვკვდეთ.
სულერთია, მორჩი თამაშს,
წევხარ მშვენივრად, მარადიულ კაიფს იგვრი,
მე ამ ფასად და ამაში
არ მივცემ თუნდაც საუკეთესო თაროს წიგნის.
გაგაღვიძებს ვიღაც ტიპი
იმ სამყაროში, სადაც ომი და კიბო წარსულში იყო,
აღარ არსებობს ჰონგ-კონგური გრიპი,
კმაყოფილი ხარ ყველაფრით ამით, ბრიყვო?
ჯერ კი ისევ რეკავს ზარი,
მშვიდობა გზის, ამ გზას სიკეთეც ერთვის,
და თუ არის, სადმე არის,
გაიხსენე და მომიკითხე ღმერთი.
|