ვინა თქვა, რომ მოკვდა ბებერი ხმელეთი,
მას ვერ მოერევა უკუნი, ბნელეთი,
ტანჯვისგან მხოლოდღა წარბები შეერხა,
ამიტომ სუნთქვა დროებით შეეკრა…
დედამიწასაც აწუხებს ჭრილობა,
ყვავები მასაც ძიძგნიან იარებს,
გაშიშვლებული ცოდვილი ხმელეთი
ჯოჯოხეთური გოდებით ხრიალებს.
თუმცა დედამიწა ტკივილებს აიტანს,
და იგი ვერასდროს გახდება საპყარი,
ვინა თქვა, მიწა აღარ მღერისო,
ჰანგებით ივსება ცა, სახლი, საყდარი.
მისი ხმა წკარუნობს ვით ცისკრის ზარები,
ტკივილი შორეულ სიღრმიდან ამოხეთქს,
ყველა ჩვენთაგანის სულია დედამიწა,
ჩვენსავით გაუძლებს სულის მძაფრ ამბოხებს.
|