თავს შევუძახე: ნუ წერო -
ხელი თავისით გამირბის.
ვაიმე დედა, მშობელო, მოდით, მომხედეთ ძმებო,
ვწევარ, შემჭამეს თვალებით,
ვფხიზლობ, რაკიღა გავები
ვშიშობ, ამათთან საერთო ენა არ გამოვძებნო.
ზოგი ჩუმია, ბინძური,
არის ისეთი, ვინც ურევს,
ასეთებს აშიმშილებენ, ანაც წამლობენ ცემით,
არ ყავთ მენტორი, გადია,
სულ თავისუფლად დადიან,
რა გიჟურ მადას აუვა, ”პერედაჩები” ჩემი.
ვის უკვირს თეოდორესი
”ჩანაწერების” ერესი,
ენახა ერთი დალოცვილს კედლებზე შუბლის ხეთქვა!
ნეტარხსენებულ გოგოლსაც,
აქაურობას როგორსაც
მე ვხედავ, იმის დამნახავს, ერთი სიტყვა თუ ეთქვა!
ვაფურთხებ, არც ეს მარგია,
სულყველა ჩემზე შმაგია,
ზოგი ალოკვას მიპირებს, ეს რა ჭირია ჩემს თავს?!
გუშინ მეშვიდეს კარებთან,
ერთმა ბოლომდე გარეკა
ყვიროდა ”წინ, ამერიკა” და სანიტარებს სცემდა.
თუ დიდებისგან განზე ვარ -
ჯერ კიდევ მაინც ჯანზე ვარ,
ჭკუიდან არ გადავსულვარ, რატომ დავიდო ცოდვა,
ჩვენს მთავარ ექიმს, ქსენიას,
(მის გიჟობაზეც მსმენია),
ვუთხარი ”მართლა გავრეკავ!” - მითხრა ”მოიცა ცოტა”,
მეც ვიცდი, მაგრამ ისე ვარ
დანა სულ ტერფებს მისერავს,
გადამავიწყდა ანბანი, მიცემითშიღა ვბრუნავ,
შევეხვეწები მეგობრებს,
რომ რაც არ უნდა სჭირდეს მეს,
ან მას, ან თქვენ ვინც უნდოდეს, ჩემს სახლში დააბრუნონ!
|