მე არ მიყვარს, - კაჭკაჭი რომ ჭიკჭიკებს...
როცა მგლებად აფთრებს აკურთხებენ,
როცა სულში ხელებს აფათურებენ,
მით უმეტეს, - შიგ რომ აფურთხებენ...
მე არ მიყვარს, - სახაზინო ახვრები,
თავხედი და უტიფარი მზერით...
სათვალეში სახეგადანახული,
ბრძენის ნიღბით მოტლიკინე შტერი...
მე არ მიყვარს, - როცა ვიღაც ნაბიჭვრის,
ყალბი სიტყვა მიიჩნევა "სეფედ"...
და რამდენი ხიხოც ტახტზე ახოხდა,
ყველას რომ აღიარებენ მეფედ...
მე არ მიყვარს, - როცა ვინმეს ვაფრთხობ და
არც ის მიყვარს, როცა ვუფრთხი რამეს...
როცა პატარები იხოცებიან
და დიდები უთენებენ ღამეს...
მე არ მიყვარს, - როცა ზურგის გლახაკი,
თხრის სანგარში გაწირულის საფლავს...
რაც არ უნდა იყოს, დიდი მიზეზი,
ღალატი და შური რასაც ახლავს...
მე არ მიყვარს, - რაც არასდროს მიყვარდა,
და არ მომწონს, რისიც არ მაქვს ხოში...
მე არ მიყვარს გაწელილი სიკვდილი,
და სიცოცხლე, გაჭიმული დროში!
|