ამბობენ, რომ ღვინოს აქვს სამკურნალო თვისება -
მსურდა გამომეცადა - ბოთლს ვიღებ და ვხსნი...
იქიდან კი მოძვრება უცებ რაღაც ისეთი,
მგონი მწვანე გველია, ანდა ნიანგი!
მე თუ რამეს გადავწყვეტ, შევსვამ თუნდაც ქვევრიდან, -
მაგრამ ასეთ ხუმრობებს დასანახად ვერ ვიტან!
თან ეს რაღაც - მახინჯი, მყრალი, ჭაობისფერი,
ვხედავ, დარბის ოთახში და კედლებზე ხტის,
უცნაური ღიღინი მესმის ცოტა ხნის მერე -
ვიღაც ტიპი აღმოჩნდა, პაპაჩემის ხნის.
მე თუ რამეს გადავწყვეტ, შევსვამ თუნდაც ქვევრიდან, -
მაგრამ ასეთ ხუმრობებს დასანახად ვერ ვიტან!
მაშინ დრო რომ მქონოდა, თუნდაც ერთი საათი,
მეეზოვის ცოცხებით გავიგდებდი წინ,
”ხოტაბიჩზე” იმ წიგნის მახსოვდა შინაარსი,
შევეკითხე: ”რა გქვია, ამხანაგო იბნ!”
მე თუ რამეს გადავწყვეტ, შევსვამ თუნდაც ქვევრიდან, -
მაგრამ ასეთ ხუმრობებს დასანახად ვერ ვიტან!
ვეუბნები - ”იუდავ, სჯობს მზაკვრობას მოეშვა,
და პირდაპირ მიჩვენო, ვინც შენს უკან დგას,
ვინ შეგიპყრო, ვინ ჩასვა ემაგ ღვინის მორევში,
ან ვის ემალები და ან გვიმალავ რას?”
იმან თავი დამიკრა, მოწიწებით მომიგო:
მე სული ვარ ბატონო, ქურდობა კი შორს.
ჩემი გამოხსნისათვის, თუკი მხოლოდ ინებებთ,
ვისაც გინდათ, გავლახავ, ანდა სულაც ორს!
მაშინ მივხვდი - ”ჯინია, თან ყველაფრის შემძლები,
დიდ სიმდიდრეს მპირდება და განცხრომას სრულს.
ვუპასუხე - ”რად მინდა სხვას უმტვრიო შენ ძვლები,
ჩხუბი ცოტა გადავდოთ, ახლა ღვინო მსურს!
ამის მერე ყაბულს ვარ, შორს რომ აღარ წავიდეთ:
სრა სასახლე ამიგე, თუ პატივს მცემ კვლავ!”
მეუბნება: - ”ეგეთებს ჩვენ სულ არ გვასწავლიდნენ,
სხვა სასწაულს ვერ ვიზამ, მხოლოდ მუშტს თუ ვკრავ!”
”ტყუი მეთქი” - ვუყვირი, ”არ გაგივა ანცობა!”
ერთი დამკრა, კარგად ვცნობ ნავარჯიშებ მკლავს.
გადავრეკე მაშინვე, მილიციას ვაცნობე:
”ვიღაც გადარეული ჩემს ბინაში მკლავს!”
დიდხანს არ მალოდინეს, დააკავეს ოხერი,
რა ეგონა, პატრული განა უქმად ზის?
მანქანაში შეაგდეს ხელებგადაგრეხილი,
და ციხისკენ გაქანდნენ უმოკლესი გზით.
ზოგჯერ ვფიქრობ, ნეტავი თუ გაუშვეს ციხიდან,
საკნის ხეხვას ნაღდად სჯობს კრივით დაკავდეს,
კარგი მონაცემების პატრონია ბიჭი თან,
თუკი იასპარეზებს, ფსონს მაგაზე ვდებ!
|