ჩვენი საზომით გადათრობა არ არის ეგა,
სიმართლეს ვამბობ, უთხარი სერგო!
რცხვენოდეს იმას, ნახერხისგან ამ არაყს რომ ხდის,
თორემ რას გვიზამს ჩვენ (ორი, სამი, ოთხი ან) ხუთი ბოთლი!
...მეორეს ვსვამდით დახლთან ახლოს, ოთახის ბოლოს -
მაგრამ ეს იყო ჟურნალი მხოლოდ,
მერე სოკოსთან, იქვე როა პატარა სკვერი,
მერე არ მახსოვს, უკვე შევთვერი.
ბოთლიდან ვსვამდი დაღლილი და თანაც მშიერი,
ვერ წამიხდინა მაინც იერი,
თითომ რომ ვხუხეთ შვიდასი ან ცოტათი მეტი,
ამ დროს პატრულიც მოგვადგა ეტლით.
ჩვენ, მართალია, ის მესამე ძალით დავათვრეთ,
მანდ შეგვეშალა - ცოტა გავერთეთ.
იმ ამხანაგს რომ გავუტეხეთ თურმე სათვალე,
მაგას პორტვეინს უფრო ვაბრალებ.
იმან პირველმა მოგვიწოდა, ცოტა წყნარადო,
დაიშალეთო, ნუღარ კამათობთ.
მეც ჩავერიე, როცა ვნახე საქმე საშარო,
გავუშალე და კიდეც გავშალე.
თუ შევაგინე, მაშ დამსაჯეთ, რომ გონს მოვეგო,
ხომ არ ვიზამდი, უთხარი სერგო!
თუ წავიქეცი - ეს უბრალოდ თავბრუ დამეხვა,
ჩემთვის ვყვიროდი, განა რამე სხვა.
თქვენის ნებართვით ორიოდ სიტყვა უპროტოკოლოდ.
როგორ გვასწავლის ოჯახი, სკოლა? -
ცხოვრება დასჯის ამისთანებს ხვალე და ზეგო,
ჩვენც ვეთანხმებით, უთხარი სერგო!
აი დილით რომ გაიღვიძებს, ემახსოვრება:
ცხოვრება განგვსჯის, დაგვსჯის ცხოვრება.
თქვენ კი გაგვიშვით, რაღას წვალობთ, ნეტავი რა გრჯით:
რა საჭიროა, ცხოვრება განგვსჯის!
თქვენ ნუ გგონიათ, მეგობრებო, რომ სერგოს სძინავს, -
მშვენივრად ესმის, ყველაფერს ტვინავს.
ჩუმად რომაა, ალბათ ახლა ცოტათი ღელავს,
აცნობიერებს, უჭირს გამხელა.
ნუ გვკეტავთ ხალხო, ნუ გვიტირებთ ამაღამ ბავშვებს,
ამას დიღომში, მე კიდევ გლდანში...
თუმც სულერთია: გვიანია, ტრანსპორტი არ ჩანს,
მეტროც დაკეტეს, ტაქსში ვინ ჩაგვსვამს.
კარგია მაინც, როცა ასე გულით გვიღებენ:
შეხე, მოვყავართ, კარებს გვიღებენ.
სხვა გაიღვიძებს ხვალე დილით მამლის ძახილზე,
ჩვენ კი სერჟანტი გამოგვაღვიძებს.
გამოვიძინებთ და მუსიკით გაგვაცილებენ,
მანეთი დამრჩა, ლუდს თუ ინებებ,
რა ვუყოთ ძმაო, ჩვენ ასეთი რთული გზა გვერგო,
შე საცოდავო, იძინე, სერგო!
|